გიგლა თამაზაშვილი: “მორწყვის პერიოდს ფერმერები თავად აირჩევენ, ხოლო სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან”

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა  წყალსარგებლობის განრიგის დროული შეთანხების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, დროულად გაფორმებული ხელშეკრულება უზრუნველყოფს სარწყავი წყლის სტაბილურ მიწოდებას, სისტემის გამართულ და ეფექტიან ფუნქციონირებას.

„აუცილებელია, წყალმომხმარებლებმა დროულად მიმართონ „საქართველოს მელიორაციის“ სერვის-ცენტრებს და განრიგი ხელშეკრულებებით შეგვითანხმონ, თუ რომელი კულტურისთვის და რა პერიოდიდან სჭირდებათ წყალი. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის მიწოდების პროცესის დაგეგმვას, სისტემის მართვის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულფასოვან მორწყვას“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ მორწყვის პერიოდს ფერმერები თავად აირჩევენ, ხოლო სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან, რაც მათთვის დამატებით კომფორტსა და ფინანსურ მოქნილობას შექმნის.

ერთი მორწყვის ოპერაცია 15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება მრავალჯერ შეუძლიათ

საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, საირიგაციო წყლის მიწოდების საფასური გაუმრიცხველიანებელი პროფილური წყალმომხმარებლებისთვის შემდეგი სქემით დასუბსიდირდება: პირველი მორწყვის  ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.50 ლარს 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102 ლარს. მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ – ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში 349,6458, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში  – 306,03 ლარით.

4 მორწყვის ოპერაციის შემდეგ, დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს მომხმარებელი მოქმედი ტარიფის მიხედვით გადაიხდის.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა რწყვის ჯერადობაზე და აღნიშნა, რომ ერთი მორწყვის ოპერაცია  15-დღიან ციკლს მოიცავს, რომლის განმავლობაშიც ფერმერებს სარწყავი წყლის გამოყენება, საჭიროებისამებრ, მრავალჯერ შეუძლიათ.

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს

აკვაკულტურის სექტორის განვითარების ხელშეწყობისა  და ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სატბორე მეურნეობებისთვის წყლის მიწოდების საფასურის ძირითად ნაწილს სახელმწიფო დააფინანსებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების   მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფის სახელმწიფო სუბსიდირების მექანიზმში ის სექტორიც ერთვება, რომელიც წყალს საირიგაციო დანიშნულებით არ იყენებს.

წყალმომხმარებლები, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, საქართველოს მელიორაციის მიერ გაწეული წყლის საცალო მიწოდების მომსახურების საფასურის 0,0826 ლარი მ3 (დღგ-ს ჩათვლით) სუბსიდირება განხორციელდება შემდეგი სახით:  მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის  გათვალისწინებით  გადასახდელი თანხის    20%-ს,  მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში, მომსახურების საფასურის 80%  კი,  სუბსიდირებას დაექვემდებარება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სატბორე მეურნეობების განვითარებას და წყლის რესურსის ხელმისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

გიგლა თამაზაშვილი: „ირიგაციის ახალი ტარიფი სტაბილურ, უსაფრთხო და პროგნოზირებად სამელიორაციო სისტემის შექმნასა და ფერმერისთვის ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს“

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა ირიგაციის ახალი ტარიფის შესახებ განმარტება გააკეთა.

„ახალი ტარიფის მოდელი, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება, მოგვცემს შესაძლებლობას, წყლის რესურსი უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველვყოთ მისი სწორად აღრიცხვა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში აქამდე მოქმედებდა 11 წლის წინ დადგენილი ტარიფი, რომელიც ვეღარ ასახავდა არსებულ რეალობას. ძველი ტარიფის თანახმად, ფერმერი წელიწადში 75 ლარს იხდიდა, რაც წყლის რაციონალური განაწილების მექანიზმს არ პასუხობდა. რეალურად,

„საქართველოს მელიორაციის“ ხარჯი ფერმერის მომსახურებისთვის შეესაბამება ტარიფს, რომელიც ახლა დამტკიცდა“, – განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ტარიფის ცვლილების მთავარი მიზანი სტაბილური, უსაფრთხო და პროგნოზირებადი სამელიორაციო სისტემის შექმნა და შენარჩუნებაა, რაც საბოლოოდ ფერმერისთვის უფრო გამართულ და ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ 1 კუბური მეტრი წყლის საფასური 0.0826 ლარი განისაზღვრა.

სახელმწიფო ფერმერებს ირიგაციის ახალ ტარიფს დაუსუბსიდირებს

ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, სარწყავი წყლის საფასურის სუბსიდირების პროგრამა 1-ელი აპრილიდან დაიწყება.

სარწყავი წყლით მოსარგებლე გამრიცხველიანებულ მომხმარებლებს თანხა დაერიცხებათ გამოყენებული წყლის მოცულობის შესაბამისად; ერთი მ3 წყლის საცალო მიწოდების საფასური შეადგენს 0,0826 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო საბითუმო ფასი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის (წმო)  0,0354 ლარს;

2026  წლის 1-ელი აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურებისთვის წყალმომხმარებელი გადაიხდის მრიცხველის ჩვენების საფუძველზე დარიცხული წყლის საცალო მიწოდების საფასურს ერთწლოვანი კულტურებისთვის წელიწადში 116.5486 ლარამდე ოდენობით ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანებისთვის 102.0110 ლარამდე ოდენობით.

სუბსიდირება გამრიცხველიანებულ მომხმარებლბზეც  ვრცელდება (გარდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისა):

თუ ერთწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე მათ 116.5486 ლარზე მეტი დაერიცხებათ, აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო დაუსუბსიდირებს 349.6458 ლარს 1 ჰა-ზე, ხოლო გამოყოფილი სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას გადაიხდის გამრიცხველიანებული წყალმომხმარებელი;

თუ მრავალწლოვან კულტურაზე მრიცხველის ჩვენების საფუძველზე  102.0110 ლარზე მეტი  დაერიცხებათ, აღნიშნული თანხის ზემოთ, სახელმწიფო  დაუსუბსიდირებთ 306.03 ლარამდე ოდენობის თანხას 1 ჰა-ზე, ხოლო გამოყოფილი სუბსიდიის თანხის ზედა ზღვრის გადაჭარბების შემთხვევაში, სხვაობას გადაიხდის გამრიცხველიანებული წყალმომხმარებელი;

ის წყალმომხმარებლები კი, რომლებიც წყალს მოიხმარენ სატბორე მეურნეობებისთვის, გადაიხდიან გამოყენებული წყლის გათვალისწინებით  გადასახდელი თანხის    20%-ს,  მაგრამ არაუმეტეს 300 ლარს 1 ჰექტარზე წელიწადში,  მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილი კი,  სუბსიდირებას დაექვემდებარება.

სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ

ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ განკარგულება გამოსცა.

სარწყავი წყლით მოსარგებლე გაუმრიცხველიანებელი წყალმომხმარებლებისთვის პირველი მორწყვის ოპერაციის ღირებულება ერთწლოვანი კულტურების შემთხვევაში შეადგენს 116.5486 თეთრს (დღგ-ის ჩათვლით) 1 ჰექტარზე, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში 102.0110 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

მეორე, მესამე და მეოთხე მორწყვის ღირებულება სრულად სუბსიდირდება სახელმწიფოს მიერ. 1 წლიანი კულტურები – 349,6458 ლარით, ხოლო მრავალწლიანი კულტურები- 306,03 ლარით).

4 მორწყვის ოპერაციის შემდეგ, დამატებითი (მეხუთე და შემდგომი) მორწყვის მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასურს მომხმარებელი მოქმედი ტარიფის შესაბამისად გადაიხდის.

„საქართველოს მელიორაცია“ მოუწოდებს მომხმარებლებს, დროულად გააფორმონ წყალსარგებლობის განრიგი და ჩაერთონ სუბსიდირების პროგრამაში .

წყალმომხმარებლებთან სამელიორაციო მომსახურებაზე დროულად გაფორმებული წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმება უზრუნველყოფს წყლის რესურსის სწორად მართვას, სტაბილურ მიწოდებასა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების გარანტირებულ მორწყვას.

განხორციელდება ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა-სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია-მოდერნიზაცია

კახეთის რეგიონში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა-სამეურნეო ქსელების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია განხორციელდება.

პროექტის დასრულების შემდეგ წყალუზრუნველყოფილი იქნება 7,320 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.
პროექტის პრეზენტაციაზე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გაიმართა, დაგეგმილი სამუშაოებისა და მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებსა და მოსახლეობას გააცნეს.
შეხვედრას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ესწრებოდა, რომელმაც სექტორში მიმდინარე რეფორმებისა და მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი განხორციელება ხელს უწყობს გასარწყავიანებული ფართობების ზრდასა და წყლის მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებას.

მოდერნიზებული გამანაწილებელი ქსელები უზრუნველყოფს წყლის რესურსის უფრო ეფექტიან გამოყენებასა და მის ხელმისაწვდომობას. ამ ეტაპზე სარწყავი წყლით 4,430 ჰექტარი მიწის ფართობის მორწყვაა შესაძლებელი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ ეს მაჩვენებელი 7,320 ჰექტრამდე გაიზრდება. მილსადენიანი გამანაწილებელი ქსელის მოწყობა ხელს შეუწყობს გამრიცხველიანებასა და მოცულობითი ტარიფების სისტემის დანერგვას.

პროექტი ხორციელდება კლიმატ-გონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამის (CSISDP) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის საგრანტო პროგრამის თანადაფინანსებით.

„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) განხორციელება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარდგენას დაესწრო. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით დაიწყო, საქართველოში ირიგაციის სისტემების გაუმჯობესებით, ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის და მიწის მართვის პრაქტიკის დანერგვას.

ოთარ შამუგიამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მასშტაბური პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ქვეყანაში ირიგაციის და მიწის მართვის სისტემების განვითარებაში. პროექტი ასევე მოიცავს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვას, წყლის და ნიადაგის რესურსების დაზოგვას. ეს ყველაფერი ერთად კი, მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაა; სწორედ ამ მიზნით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ; დღეს, ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად 10-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს მოიცავს – ფერმერებსა და მეწარმეებს ვეხმარებით როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავებისა და ახალი ბაზრების ათვისების კუთხით. მომავალ წელს, სხვადასხვა ბაზარზე ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების ინტეგრაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, დაახლოებით 20 მლნ ლარი იქნება დახარჯული. სწორედ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები. გასულ წელს გვქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები; მიმდინარე წელს, 9 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 17-18%-იანი ზრდა გვაქვს. ვფიქრობ, ეს მონაცემები კარგად ასახავს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი მუშაობისა და იმ პროგრამების შედეგებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვახორციელებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დასრულების ფაზაში მყოფ „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზე“, რომელიც ასევე მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა – ირიგაციის სისტემების რეაბილიტაციის ნაწილში, ფერმერებისთვის წყალუზრუნველყოფა დაახლოებით 17 500 ჰა ფართოებზე გაუმჯობესდა.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის გასაუმჯობესებლად ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ინტეგრირებული მიდგომა სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის მიმართულებით, საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მოუტანს, შეამცირებს სიღარიბეს, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი მუშაობა, რაც, როგორც წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა, დადებითი შედეგების მომტანია“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.

„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და პროექტი თანაბრად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ.

პროექტის წარდგენას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის ახალდანიშნულ დირექტორს რეგიონში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მსოფლიო ბანკთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაკავშირებს; დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელიც წლებია მსოფლიო ბანკის გუნდისგან გვაქვს. მათთან თანამშრომლობით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ და ქვეყანას მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს“. – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა ფერმერების მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროექტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდის მაჩვენებლების შესახებ. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე სამრეწველო ემისიების, წყლის რესურსების მართვის, რადიაციული უსაფრთხოების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სატყეო სექტორს, ქვეყანაში დაცული ტერიტორიების მზარდ სტატისტიკას, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების გზებს.როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში აბდულაზიზ ფაგჰი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“სემეკმა” საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით განისაზღვრა მიმწოდებლისა და მომხმარებლების ვალდებულებები, დაწესდა ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალე და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების პირობები. წესების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა მოხდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს.
წესების დადგენასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ერთი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო წესების განხილვაში და წარედგინა მოსაზრებები. ამ მიზნით, სემეკში არაერთი შეხვედრა გაიმართა, როგორც მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საირიგაციო სისტემის მომხმარებლებთან და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან.