„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) განხორციელება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) წარდგენას დაესწრო. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით დაიწყო, საქართველოში ირიგაციის სისტემების გაუმჯობესებით, ხელს შეუწყობს მდგრადი სოფლის მეურნეობის და მიწის მართვის პრაქტიკის დანერგვას.

ოთარ შამუგიამ პროექტის განხორციელებაში ჩართულ მხარეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მასშტაბური პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით ახორციელებს, უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს ქვეყანაში ირიგაციის და მიწის მართვის სისტემების განვითარებაში. პროექტი ასევე მოიცავს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვას, წყლის და ნიადაგის რესურსების დაზოგვას. ეს ყველაფერი ერთად კი, მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაა; სწორედ ამ მიზნით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ; დღეს, ჩვენი ფერმერების მხარდასაჭერად 10-ზე მეტი პროექტი მიმდინარეობს, რომელიც ღირებულებათა ჯაჭვის თითქმის ყველა რგოლს მოიცავს – ფერმერებსა და მეწარმეებს ვეხმარებით როგორც პირველადი წარმოების, ისე გადამუშავებისა და ახალი ბაზრების ათვისების კუთხით. მომავალ წელს, სხვადასხვა ბაზარზე ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების ინტეგრაციისა და ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, დაახლოებით 20 მლნ ლარი იქნება დახარჯული. სწორედ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია წარმოებისა და ექსპორტის გაზრდილი მაჩვენებლები. გასულ წელს გვქონდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებლები; მიმდინარე წელს, 9 თვის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 17-18%-იანი ზრდა გვაქვს. ვფიქრობ, ეს მონაცემები კარგად ასახავს სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივი მუშაობისა და იმ პროგრამების შედეგებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვახორციელებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დასრულების ფაზაში მყოფ „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზე“, რომელიც ასევე მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით ხორციელდება. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა – ირიგაციის სისტემების რეაბილიტაციის ნაწილში, ფერმერებისთვის წყალუზრუნველყოფა დაახლოებით 17 500 ჰა ფართოებზე გაუმჯობესდა.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სექტორის გასაუმჯობესებლად ერთობლივი და კოორდინირებული მოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ინტეგრირებული მიდგომა სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის მართვის მიმართულებით, საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზრდას მოუტანს, შეამცირებს სიღარიბეს, შექმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივი მუშაობა, რაც, როგორც წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა, დადებითი შედეგების მომტანია“, – განაცხადა როლანდ პრაისმა.

„მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტის“ (GRAIL) ღირებულება 150 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და პროექტი თანაბრად ფინანსდება საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ.

პროექტის წარდგენას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, როლანდ პრაისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკის ახალდანიშნულ დირექტორს რეგიონში საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მსოფლიო ბანკთან ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა გვაკავშირებს; დარწმუნებული ვარ, ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ის მხარდაჭერა, რომელიც წლებია მსოფლიო ბანკის გუნდისგან გვაქვს. მათთან თანამშრომლობით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის, მიწის მართვის, სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი „საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის პროექტი“ ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი“ და ქვეყანას მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს“. – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს ინფორმაცია მიაწოდა ფერმერების მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროექტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების და ექსპორტის ზრდის მაჩვენებლების შესახებ. ოთარ შამუგიამ ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე სამრეწველო ემისიების, წყლის რესურსების მართვის, რადიაციული უსაფრთხოების, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის შესახებ და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სატყეო სექტორს, ქვეყანაში დაცული ტერიტორიების მზარდ სტატისტიკას, კლიმატის ცვლილების შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავების გზებს.როგორც მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა როლანდ პრაისმა აღნიშნა, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ, რომელიც მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრას მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში აბდულაზიზ ფაგჰი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“სემეკმა” საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს – მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.
საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით განისაზღვრა მიმწოდებლისა და მომხმარებლების ვალდებულებები, დაწესდა ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალე და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების პირობები. წესების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა მოხდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს.
წესების დადგენასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ერთი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო წესების განხილვაში და წარედგინა მოსაზრებები. ამ მიზნით, სემეკში არაერთი შეხვედრა გაიმართა, როგორც მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საირიგაციო სისტემის მომხმარებლებთან და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან.