დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საგარეჯოში მელიორაციის რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სემეკის თავმჯდომარესთან ერთად წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის საპილოტე პროექტს გაეცნენ სემეკის წევრი გიორგი ფრუიძე და სემეკის აპარატის წარმომადგენლები. პროექტი განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, მელიორაციის სექტორის განვითარებისთვის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

„წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები ფერმერებისთვის იქნება სარწყავი წყლის უწყვეტი, საიმედო და ოპტიმალური გამოყენების ერთგვარი შესაძლებლობა. ასეთი ორგანიზაციები მელიორაციის სექტორის თანამედროვე რეგულირების ერთ-ერთი აუცილებელი ნაწილია, რასაც მოწმობს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილებაც. აქედან გამომდინარე, საქართველოში ფერმერებმა უნდა იზრუნონ ასეთი ორგანიზაციების ჩამოყალიბებაზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცხადია ამ პროცესის პარალეურად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მელიორაციის ინფრასტრუქტურა ქვეყანაში მოწოდების სიმაღლეზე იყოს, რათა მოხდეს ფერმერების გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება. კითხვაზე არის თუ არა დღესდღეობით მელიორაციის ინფრასტრუქტურა შესაბამის კონდიციებში დავით ნარმანია განმარტავს, რომ მელიორაციის ინფრასტრუქტურა ყოველდღიურად უმჯობესდება და ფერმერების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა ეტაპობრივად კმაყოფილდება.

„მელიორაციის სისტემაში საკმაოდ დიდი მოცულობით ინვესტიციები ხორციელდება როგორც დონორი ორგანიზაციების, ისე სახელმწიფოს მიერ. შესაბამისად, მელიორაციის ინფრასტრუქტურა დღითიდღე უმჯობესდება და მოთხოვნა, რაც ფერმერების მხრიდან არსებობს ეტაპობრივად კმაყოფილდება. ცხადია ეს ჯერ კიდევ არაა საკმარისი, რადგან ქვეყანაში იქმნება და ვითარდება ახალ-ახალი სავარგულები. ჩვენ ვიცით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელთა საშუალებითაც ხელს უწყობს როგორც პირველადი პროდუქციის მოყვანას, ასევე მათ გადამუშავებას. აქედან გამომდინარე ამ პროგრამებმა ასათვისებელი ფართობების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდეს, რასაც შესაბამისად მიჰყვება მელიორაციის პროგრამები, რათა ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მეტად მოწესრიგდეს“. – აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.

რაც შეეხება მელიორაციის რეგულირების საკითხს. დავით ნარმანიას თქმით, მელიორაციის სექტორის ეფექტიანი რეგულირებისათვის სემეკში სხვადასხვა წესსა და მეთოდოლოგიაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ამჟამად, სემეკში ვმუშაობთ პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიაზე, რომლის საფუძველზეც სემეკი მიმდინარე წლის ბოლოს მელიორაციის სექტორისთვის ტარიფებს დაადგენს. ამასთანავე, მუშავდება წყლის მიწოდების წესები, რომელიც პირველად წყალმოსარგებლესა და ირიგაციის სისტემით მოსარგებლეთა შორის წყლის მიწოდებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს დაარეგულირებს. მიმდინარე წელს დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციასთან/სხვა წყალმომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები,“ – აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით დავით ნარმანია აღნიშნავს, რომ წყალმომარაგების ნაწილში დაწესდება ისეთი ტიპის ტარიფი, რომელიც საწყის ეტაპზე ხელს შეუწყობს მინიმუმ საოპერაციოს ხარჯების დაფარვას.

„კომისიის მიდგომაა, რომ მელიორაციის ნაწილში ჯერ შემუშავდეს ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია და შემდგომ დადგინდეს უშუალოდ ტარიფები. როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმე თვეში შემუშავდება გაანგარიშების მეთოდოლოგია, რომლის დამტკიცების შემდეგაც ტარიფების შესაბამისი განსაზღვრაც მოხდება. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ პირველ ეტაპზე ტარიფი უნდა იყოს ისეთი, რომ საოპერაციო ხარჯებს მაინც მოემსახუროს, რადგან ერთდროულად საოპერაციო და კაპიტალურ ხარჯებს ერთდროულად ვერ დაფარავენ ვერც ფერმერები და ვერც საოჯახო მეურნეობები. ამიტომაც კაპიტალურ ნაწილში ინვესტიციები, რომლებიც სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან ხორციელდება უნდა ჩაითვალოს ხელშემწყობ ფაქტორად, ხოლო ყოველდღიური ხარჯები, რომლებიც ექნება მელიორაციას უნდა დაიფაროს პირველ ეტაპზე დადგენილი ტარიფებით“.- აცხადებს დავით ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარე ასევე აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ვიზიტები განხორციელდება ისეთ ადგილებში, სადაც მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს და ასევე იქ, სადაც ჯერჯერობით სამუშაოები არ დაწყებულა. დავით ნარმანიას განცხადებით ეს პროცესი სემეკის გუნდს შესაძლებლობას მისცემს, რომ მოხდეს სექტორში სხვადასხვა ნიუანსის იდენტიფიცირება და მათ დამუშავება.

 

წყარო: bpi.ge 

საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გარდა სხვა წყალმოსარგებლესაც შეეძლება

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობის დაზუსტების გზით, ახლებურად განსაზღვრავს კანონის მოქმედების სფეროს, რომელიც მოიცავს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ურთიერთობებს ფიზიკურ პირებთან, იურიდიულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებთან; დოკუმენტით აგრეთვე განისაზღვრება საირიგაციო ინფრასტრუქტურით სარგებლობის წესი.

ცვლილების თანახმად იქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომ საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გარდა სხვა წყალმოსარგებლეებმაც შეძლონ.

პროექტი ასევე ითვალისწინებს საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას არა მხოლოდ საირიგაციო, არამედ სხვა მიზნითაც, მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურებისთვის, სათევზე მეურნეობებისა და სხვა დანიშნულებისთვის.

პარლამენტმა 83 ხმით დაუჭირა მხარი მესამე მოსმენით წარმოდგენილ ცვლილებებს.

 

წყარო: businessinsider.ge

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთში, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარჯვენა მაგისტრალური არხის მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 128 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობის მონტაჟს ითვალისწინებს.

26 მლნ ლარის ღირებულების პროექტი მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ქალაქ საგარეჯოს, სოფლების – ნინოწმინდა, გიორგიწმინდა და წყაროსთავი 5000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის მენეჯერ ლალი დურმიშიძესთან ერთად, სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროცესს გაეცნო.

„ახლო მომავალში, გვექნება გამართული სისტემა, რომელიც გამორჩეულია იმით, რომ არის პირველი მცდელობა, ფართობების გასარწყავიანება დახურული სქემით დავიწყოთ, რომელზეც წვეთოვანი სისტემები აეწყობა. ეს არის მოდელი, რომელსაც მსოფლიოს განვითარებული ქვეყენები იყენებენ. ეს სისტემები უფრთხილდება ეკოლოგიას, ზოგავს წყლის რესურსებს და ხელს უწყობს მწვანე ეკონომიკის განვითარებას“. – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

 

წყარო: commersant.ge

პარლამენტში “წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” კანონპროექტი განიხილება

პარლამენტში “წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ” კანონპროექტი განიხილება, რომელიც ირიგაციის სექტორის რეფორმას ითვალისწინებს. დოკუმენტის ერთ–ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ სარწყავი წყლის ტარიფებს სავარაუდოდ, 2024 წლიდან საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დაადგენს.

ტარიფების დადგენამდე კი, ამ სექტორში ახალი ცნება შემოდის – ქვეყნის მასშტაბით წყალმომხმარებელთა ორგანიზაციები უნდა ჩამოყალიბდეს, რომლებიც სასმელი წყლის დანიშნულების ადგილამდე მიტანას, მათ მართვაში არსებული საკომუნიკაციო სისტემების დახმარებით უზრუნველყოფენ. თავის მხრივ, კანონპროექტში წერია, რომ ასეთ ორგანიზაციებს ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პირველადი წყალმოსარგებლე გააკონტროლებს, რადგან სწორედ ეს სიპი განახორციელებს ძირითადი/მაგისტრალური საირიგაციო ინფრასტრუქტურის მართვას, მოვლა-შენახვას და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისთვის საირიგაციო მომსახურებას გაწევას.

“კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია გასარწყავებული ფართობების, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების, სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულთა შემოსავლისა და ქვეყნის მშპ-ში სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილის ზრდა”, – წერია დოკუმენტის განმარტებით ბარათში.

კანონს, რომლის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე მიიღებს. კანონპროექტის მომზადების პროცესში მსოფლიო ბანკის “ირიგაციისა მიწის ბაზრის გავითარების პროექტის” ექსპერტები იყვნენ ჩართულნი.

 

წყარო: bm.ge